ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც ISIS-ხორასნის ფინანსურ მექანიზმებს შეაფერხებს, აშშ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც შეაფერხებს ISIS-ხორასნის ფინანსურ მექანიზმებს. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის, „ჯილდო სამართლიანობისთვის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოც ავრცელებს.
„სკოლებზე, მეჩეთებზე, დაკრძალვებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე ტერორისტული თავდასხმების შედეგად ISIS-ხორასანმა (ISIS-K) ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა.
ISIS-K ფონდებს გამოიმუშავებს ისეთი საქმიანობით, როგორებიცაა ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის დაბეგვრა და თანხის გამოძალვა, ISIS-ის ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა, თამბაქოს უკანონო გაყიდვები და ციფრული ვალუტის მეშვეობით უკანონო შემოსავლების გათეთრება.
დაეხმარეთ სახელმწიფო დეპარტამენტს ამ სასტიკი ორგანიზაციის ფინანსური წყაროების შეწყვეტაში.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ISIS-K-ის ფინანსურ ქსელზე, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +12027027843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ ფრთამ „ხარასანმა“ პასუხისმგებლობა აიღო მოსკოვის საკონცეტო დარბაზ „კროკუს სითიზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე 2021 წელს ქაბულის აეროპორტში ავღანეთიდან ევაკუაციის დროს მომხდარ ტერაქტზე, რომლის დროსაც 170 ავღანელი მოქალაქე და 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.