ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი დიდი ალბათობით არ აქვს
ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი არც ერთ პაციენტს კორონავირუსი დიდი ალბათობით არ აქვს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიანა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში სამი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე განმარტებით, პაციენტთა მონაცემები კორონავირუსის გამოსარიცხად, ნიდერლანდების სამეფოშია გადაგზავნილი, ანალიზის პასუხი კი ხვალ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე ჩვენთან სამ პაციენტზე გრძელდება მეთვალყურეობა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით მეთვალყურეობას გადიან. ანალიზების პასუხი იქნება სამშაბათს დღის ბოლოს. მათი ანალიზები გადაგზავნილია ნიდერლანებში. დიდი ალბათობით, აქ არც ერთ პაციენტთან კორონავირუსი არ არის. ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ შესაძლებელია, მათ მალევე დატოვონ ჩვენი კლინიკა“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
რაც შეეხება სეზონურ გრიპს და მის მიმდინარეობას, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია.
„ქვეყანაში ზრდის ტენდენცია შენელებულია. არ არის მატება, სტაბილურია და კლება ფიქსირდება. მომართვიანობის თვალსაზრისითაც, ჩვენთან შემცირებულია რაოდენობა, ვიდრე წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში. საერთოდ, წელს სეზონური გრიპის შემთხვევაში, მიმდინარეობა არ იყო ისეთი მძიმე, როგორც ჩვენ ვიცით H1N1, რომელსაც ე.წ. ღორის გრიპი ერქვა. გართულებები ნაკლებად გამოვლინდა და გამოჯანმრთელების ხარისხიც უფრო მაღალი იყო“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.