ინფექციური საავადმყოფო კიდევ შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი რჩება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული კიდევ რვა პაციენტიდან შვიდი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მათ კლინიკა უკვე დატოვეს.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კოვიდდადასტურებული 20 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დანარჩენ პაციენტებთან კი დაავადება საშუალო და მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ კლინიკას ერთი ახალი შემთხვევა დაემატა. საუბარია სატვირთო ავტომანქანის მძღოლზე.
„რვა გამოჯანმრთელებულიდან შვიდი ჩვენი პაციენტი იყო, შვიდმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ ერთი ახალი დადასტურებული შემოგვემატა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ამ ეტაპზე 20 პაციენტი მკურნალოსბს ჩვენს ცენტრში, აქედან მხოლოდ ერთი პაციენტია საშუალოზე მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.