ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ამერიკის CDC-ის დელეგაციის ვიზიტი გაიმართა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ამერიკის CDC-ის დელეგაციის ვიზიტი გაიმართა

ამერიკის CDC-ის დელეგაციის ვიზიტი გაიმართა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში. შეხვედრაზე განხილული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში. ინფექციური კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ ეს არის ქვეყანაში ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქართველო-აშშ-ს ერთობლივი პროექტი. ასევე, რომ პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა ქართველი სპეციალისტების მაღალი პროფესიონალიზმის და ამერიკული მხარის, პირველ რიგში კი ამერიკის CDC-ის და ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის უდიდესი მხარდაჭერის შედეგად.

„ამ პროგრამით, უკვე განიკურნა 78 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო აქტიური C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) ქვეყანაში შემცირდა სამჯერ (5,4%-დან 1,8%-მდე), რაც იმის საწინდარია, რომ დარჩენილ 3 წელიწადში საქართველოში მოხდება C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია და ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო ჯანდაცვის ისტორიაში, როდესაც მოხერხდა ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციური დაავადების ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინით, არამედ მედიკამენტებით.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ „ამერიკის მთავრობა ულოცავს საქართველოს სამაგალითო ლიდერობას მთელ ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით“ და რომ „საქართველოში ამ ინოვაციური პროგრამიდან მიღებულ გაკვეთილებს მსოფლიო იზიარებს“, – აცხადებენ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში.