ინფექციურ საავადმყოფოსთან ფოტოგრაფები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დღეს ფოტოგრაფები და სხვადასხვა ივენთ კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ისინი კლინიკის სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრნენ.
მათ მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებების ფოტოები და განაცხადეს, რომ იმ ფონზე, როცა ხალხმრავალი შეკრებები სხვებისთვის დასაშვებია, რეგულაციების დაცვითაც არ ეძლევათ მუშაობის საშუალება.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რეგულაციებს ყველა უნდა დაემორჩილოს.
„ჩვენ დავდივართ უკვე ორ თვეზე მეტია კარდაკარ, რომ გამოვიდეს ვინმე ადამიანი, ვინც გვეტყვის, როდის შეგვეძლება რეგულაციების დაცვით ჩვენც მცირედი საზრდო შევიტანოთ ოჯახებში. ვხედავთ, რომ უამრავი ღონისძიება ეწყობა, თუნდაც სამთავრობო და 200-300 კაციანი შეკრებები რესტორნებში. ვამბობ, რომ თუ ეს შეიძლება სრული ქაოსით, რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ოპერატორი იქნება, თუ ფოტოგრაფი, სრული რეგულაციების დაცვით მცირედი შემოსავლის წყარო გავიჩინოთ.
სრული ხუთი თვეა ნოლი შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილები, აღარ ვიცით რა გავაკეთოთ. ვყიდით ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ეს იქნება აწყობილი კომპანია, თუ შექმნილი ინვესტიცია. ამიტომ ვინმე გვინდა, ვინც გამოვა და კონკრეტულად გვეტყვის, რომ ან მოვიცადოთ რამდენიმე ხანი და რატომ უნდა მოვიცადოთ ისიც აგვიხსნას. ვართ აბსოლუტურ გაურკვევლობაში, აქციას აქციაზე ვაწყობთ, ლამის კარვები გავშალოთ და კანცელარიასთან გადავიდეთ საცხოვრებლად“, – განაცხადა კომპანია „ეპოქა 2000“-ის დირექტორმა გიორგი მთივლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება.