ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ირანის ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხები კორონავირუსის ინფექციაზე ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოთხივე პაციენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღენიშნათ მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ოთხი პაციენტი ახალ კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევით. საეჭვო შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კორონავირუსის ინფექცია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურის მომატება, დაუფიქსირდათ აეროპორტში და მაგიტომ მოიყვანეს. ესენი არიან მოქალაქეები ირანიდან. რამდენად ვიცი, ოთხივე თეირანი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოვიდა. ერთი მათგანი არის ახალგაზრდა ქალი, ხოლო სამი არის ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივეს აეროპორტში გეგმური შემოწმებით დაუდგინდა ტემპერატურის მომატება, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ოთხივე მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები ახლა ხვდებიან მათ. მიმდინარეობს მათთან გასაუბრება, შეხვედრა, კლინიკური გასინჯვა. მალე აუღებენ აგრეთვე სისხლის ანალიზებს. წინასწარი შედეგები იქნება ცნობილი დღეს გვიან, ხოლო საბოლოო პასუხები ახალი კორონავირუსის ინფექციაზე იქნება ხვალ, საღამოს საათებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.