ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის დაავადების პროგრესირება შეინიშნება.
„ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომლის დაავადება პროგრესირებს შემოსვლის დღიდან. ამ ეტაპზე განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, მაგრამ იმედია, რომ პროგრესირება შეჩერდება, დაემორჩილება მკურნალობას და ალბათ გამოსავალი კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არსებული მონაცემებით და ლაბორატორიული გაფართოებული ყოველდღიური მონაცემების შეჯერებით, კრიტიკული მდგომარეობით არ ფასდება, არის მხოლოდ მძიმე პნევმონია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- აღნიშნა ეზუბაიამ.