ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 მოზარდი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 მოზარდი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ცენტრს ჯამში 57 გამოჯანმრთელებული ჰყავს, ხოლო კიდევ ექვსი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 2-3 დღის განმავლობაში დაახლოებით ოთხი პაციენტი დაემატათ, მათ შორის ერთი ბავშვია.

„ერთი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. ჩვენთან, 2-3 დღეში დაახლოებით ოთხი პაციენტი შემოვიდა, ძირითადად ბოლნისის და მარნეულის წყაროებია, ერთი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და გვყავს 11 მოზარდი. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელოა, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ჩავატარებთ მონიტორინგის ტესტირებას და ალბათ თანდათანობით, შემოსვლის დღეების შესაბამისად ისინიც დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დანარჩენ პაციენტებთან დაკავშირებით კი ეზუგბაია ამბობს, რომ 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„კვლავ გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია. ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა. დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დინამიურად მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაიწყება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.