ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ განაცხადა.
„დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია. გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.
მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი, პარლამენტში მოხვედრილიყო.
„დღეს არაერთი კითხვა დაისვა, ნაწილი იყო სწავლის დაწყებაზე, ნაწილი კითხვებისა იყო იმაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე ვერ მოხვდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. დარწმუნებით შემიძლია მაყურებელს ვუთხრა, თენგიზ ცერცვაძეს არც არასდროს ჰქონია სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მოწვევის პარლამენტში, მოხვედრილიყო პარლამენტში, თუნდაც დაეკავებინა მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. რაც შეეხება სწავლის დაწყების თემას და მინისტრთან კომუნიკაციას, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია.
თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს თავის საქმიანობას და კლინიკების მართვას. მე რა ინფორმაციაც მაქვს, როდესაც ცერცვაძე მოვიდა თავის სამუშაო კაბინეტში, მას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა ხელისუფების წარმომადგენლებთან. საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია და როგორ გაჩნდა, არ ვიცი“, – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.