ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან მომატებული ტემპერატურა ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება
ახალი კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ხუთი ახალი პაციენტიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება მომატებული ტემპერატურა და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ხუთი პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსის ინფექცია. ესენი არიან სამი ახალგაზრდა – ერთი ქალი, ორი ვაჟი, ასევე ორი საშუალო ასაკის პიროვნება. ყველანი ნამყოფი არიან იტალიაში დაახლოებით ერთი კვირით. თბილისში ჩამოვიდნენ პირველ მარტს. არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა რაიმე სიმპტომატიკა ან ტემპერატურა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში, ვინაიდან ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და რამდენიმე დღე ერთად გაატარეს, იმ მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, ეს ხუთი ადამიანი, როგორც კონტაქტურები, გამოიკვლიეს მათი ცხვირ-ხახიდან აღებული მასალა და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის ინფექცია. ახლა ამ ხუთი პირიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.