თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 45 პაციენტი იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, უცვლელია ინფიცირებულთა რაოდენობა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ქვეყანაში არსებული 24 ინფიცირებულიდან 21-ია მოთავსებული.
„ბოლო შემთხვევა, 21-ე, არ არის ახალი წყარო. იცით, რომ ჩვენ გვყავს სულ ოთხი წყარო. ეს შემთხვევა არის იტალიის წყარო. გუშინ, დღის საათებში 11 პაციენტზე გადაიგზავნა ანალიზები და უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დანარჩენ 17 პაციენტზე არის ტესტი აღებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული 11 პაციენტიდან ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, ხუთ პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია.
„ერთ-ერთი იყო მძიმე და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა და მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს პნევმონია. დანარჩენ ოთხს მსუბუქ ფორმებში აქვს. ის შვიდი პაციენტი, რომლებიც სპეციალური რეისით ჩამოვიდნენ და საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს გუშინ ჩვენს კლინიკაში, შედის იმ 17 პაციენტში, რომლებსაც გუშინ გვიან ავუღეთ ახალ კორონავირუსზე ანალიზები. შესაბამისად, პასუხი იქნება მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში. მათგან მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა გუშინ დაბალი ტემპერატურა. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, მინიმალური ჩივილები აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ 12 წლის ბავშვს.
რაც შეეხება პაციენტების გამოჯანმრთელებას, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი პაციენტის ორგანიზმში ვირუსი მცირე კონცენტრაციით კვლავ რჩება. შესაბამისად, გამოჯანმრთელება ჯერ არ დაფიქსირებულა.
„პირველ ინფიცირებულზე 14 დღის შემდეგ გაკეთდა განმეორებითი ტესტი და მიღებულ იქნა დადებითი პასუხი. მცირე კონცენტრაციით არის ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელებულია. მისი გადაკონტროლება მოხდება ორი-ოთხი დღის განმავლობაში. თუ უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა, ერთი დღის ჩაგდების შემდეგ კიდევ უნდა გაკეთდეს ტესტი და თუ კიდევ უარყოფითი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.