ინფექციონისტი განმარტავს, რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად.
ექიმი აცხადებს, რომ დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო.
„მინდა მოსახლეობას მივმართო, პანიკას არ აყვნენ და იყვნენ მშვიდად. რაც შეეხება იმას, თუ რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა ტესტი, მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან ორივე მხარეს ეკეთა პირბადე, ამ შემთხვევაში დაავადების გადაცემის რისკი არის მინიმალური“, – განაცხადა გოგინავამ.