ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა
ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 268-ს მიაღწია, მათ შორის ბევრი ბავშვია. მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ.
დაშავებულია ათასზე მეტი მოქალაქე. დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი.
სტიქიამ 22 000-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 58 000-მდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
გავრცელებული ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მეწყრული პროცესი და რთული რელიეფი აძნელებს.
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.