ინდონეზიის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე პატარა ეშვებიანი ბაყაყები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ინდონეზიის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე პატარა ეშვებიანი ბაყაყები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ინდონეზიის კუნძულ სულავესის მწვანე, ვულკანურ ბორცვებზე ბინადრობს ეშვებიანი ბაყაყის რამდენიმე სახეობა, რომლებსაც უჩვეულო რეპროდუქციული თვისებები აქვთ; მათ შორის არის Limnonectes larvaepartus-ი — ერთადერთი ბაყაყი მსოფლიოში, რომელიც თავკომბალებს ცოცხლად შობს.

ამჯერად, ამ ტროპიკულ კუნძულზე კიდევ ერთ უჩვეულო არსებას მიაგნეს — მსოფლიოში ყველაზე პატარა ეშვებიან ბაყაყს.

ახლად აღმოჩენილი სახეობას Limnonectes phyllofolia უწოდეს, არის ტრადიციული, კვერცხისმდებელი ამფიბია და ბაყაყის სხვა ეშვებიან სახეობებს ენათესავება.

ამერიკელ და ინდონეზიელ ჰერპეტოლოგთა ჯგუფი ტროპიკულ ტყეებში დაეხეტებოდა, როდესაც ფოთლებზე და ხავსიან ლოდებზე, მიწისპირიდან რამდენიმე სანტიმეტრზე, ბაყაყის პრიალა, შავი კვერცხები შენიშნეს.

ეშვებიანი ბაყაყი

ამ ფაქტმა მკვლევართა ყურადღება მაშინვე მიიქცია, რადგან როგორც წესი, ბაყაყები კვერცხებს წყალში დებენ, რათა არ მოხდეს მათი ჟელესებრი საფარის გამოშრობა.

სულ მალე, მკვლევრებმა მონეტის ზომის ჭრელი-ყავისფერი ბაყაყები დაინახეს, რომლებიც საკუთარ ბუდეებს იცავდნენ.

„ჩვეულებრივ, როდესაც ბაყაყებს ვეძებთ, ნაკადულების ნაპირებს ვათვალიერებთ ან პირდაპირ შიგნით შევდივართ, რათა ისინი პირდაპირ წყალში შევნიშნოთ. ბუდეებზე რამდენჯერმე დაკვირვების შემდეგ, ჯგუფის ყურადღება მიიქცია ფოთლებზე, საკუთარ პატარა საბუდრებთან მსხდარმა ბაყაყებმა“, — ამბობს ჩიკაგოს ბუნების ისტორიის საველე მუზეუმის ეკოლოგი ჯეფ ფრედერიკი.

ეს მცველი ბაყაყები საკუთარ კვერცხებს ისეთი ნაერთებით ფარავენ, რომლებიც მათ ტენიანობას უნარჩუნებს და ბაქტერიებსა და სოკოებს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს.

საინტერესოა, რომ კვერცხებზე მზრუნავი ყველა ბაყაყი მამრი აღმოჩნდა. მკვლევართა განცხადებით, მამრების მიერ კვერცხების დაცვა ბაყაყებში არც ისე უცხოა, მაგრამ არც ზედმეტად გავრცელებული ჩვევა.

ამ აქამდე უცნობ სახეობას ზედა ყბაზე კბილების პაწაწინა ლენტი აქვს, ქვედა ყბიდან კი ორი პატარა ეშვია ამოშვერილი.

ეშვებიანი ბაყაყი

„ეს სახეობა ზედმეტად პატარაა ამ კუნძულზე გავრცელებულ სხვა, ჩვენთვის ცნობილ ეშვებიან ბაყაყებთან შედარებით“, — ამბობს ფრედერიკი.

სულავესზე გავრცელებული სხვა ეშვებიანი ბაყაყები გიგანტურები არიან, კილოგრამამდე იწონიან. ახლად აღმოჩენილი სახეობა კი მხოლოდ დაახლოებით ორ გრამს იწონის.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაყაყთა რამდენიმე სახეობას ეშვები სხვადასხვა მიზეზის გამო განუვითარდა. მათ შორის, ტერიტორიის დაცვის, შეჯვარებისა და მსხვერპლზე სანადიროდ, მაგალითად, იჭერენ ტუჩფეხიან ჭიებსა და კიბორჩხალებს.

ეშვებიანი ბაყაყი

რადგან ფოთოლზე კვერცხისმდებელი ეს სახეობა გამრავლებისთვის წყალს არ იყენებს, ეშვები აღარ ესაჭიროებათ, თუნდაც წყალში კვერცხის დადებისთვის საუკეთესო ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლისთვის.

მკვლევართა ვარაუდით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ასე პატარა ზომა კუნძულის სხვა ბაყაყებთან შედარებით.

სულავესი

დადგენილია, რომ ბაყაყებში ეშვები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სულ მცირე ოთხჯერ ჩამოყალიბდა ყველა სახეობას შორის.

ამ სახეობათა ქცევისა და კვების რაციონის შესწავლით დადგინდა, რომ ეშვები დიდწილად უფრო სქესობრივი სელექციის საპასუხოდ ჩამოყალიბდა, ვიდრე გარემოსგან მომდინარე წნეხის.

ეშვებიანი ბაყაყები აღმოჩენილია კამბოჯაში, ვიეტნამში, დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.