ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი, მათგან 84 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ „როიტერსი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 90 პირი.

ინდონეზიის აღმოსავლეთს სტიქია რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. პაპუას პროვინციაში წყალდიდობამ ასობით სახლი და სკოლა დატბორა. დაზიანებულია საავტომობილო გზები და ხიდები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. 10 ათასამდე მოსახლე სახლის გარეშეა დარჩენილი. ისინი დროებით საცხოვრებლებში იმყოფებიან.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდონეზიაში სტიქიური უბედურებები საკმაოდ ხშირად ხდება. ოქტომბრიდან აპრილამდე სეზონური წვიმების დროს ასობით ადამიანი იღუპება.

ამასთან, სეისმურად აქტიური ზონის გამო რეგიონში ძლიერი მიწისძვრებიც საკმაოდ ხშირია. გასულ წელს, მიწისძვრებს და მის შედეგად გამოწვეულ ცუნამს ხუთი ათასამდე ადამიანი შეეწირა.