ინდონეზიაში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისა და ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა.
ინციდენტი პაპუას პროვინციის ქალაქ ვამენაში მოხდა, სადაც აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებს ცეცხლის წაუკიდეს. გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ ხანძრის შედეგად დაიღუპა. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
პარალელურად ქალაქ ჯაიაპურაში პოლიციასთან შეტაკების დროს დემონსტრაციის ოთხი მონაწილე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 300-მდე ადამიანი დააკავეს.
ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ინდონეზიაში აგვისტოს მიწურულიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში პაპუასელ სტუდენტებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმები იავასა და დასავლეთ სულავესის პროვინციებში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მოხდა, სადაც პაპუასელი სტუდენტები იყვნენ განთავსებული, თავდამსხმელები მათ „მაიმუნებად“ მოიხსენიებდნენ და უნივერსიტეტიდან მათ გაძევებას მოითხოვდნენ.