ველურ ბუნებაში ისინი მხოლოდ რამდენიმე ასეულიღა დარჩა. სუმატრის ვეფხვი კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა. რამდენიმე დღის წინ, ინდონეზიის ჯუნგლებში, ამ შესანიშნავ არსებათა ერთი წარმომადგენელი სრულიად გაუაზრებელი ინციდენტის შედეგად მოკლეს.
კუნძულ სუმატრაზე, ერთ-ერთ მონადირეს ეგონა, რომ ხაფანგში გაბმულ გარეულ ღორს ესროდა, მაგრამ სინამდვილეში, ხელში მდედრი სუმატრის ვეფხვი შერჩა.
AFP-ის ცნობით, ამის შესახებ მან კონსერვაციის ოფისის წარმომადგენლებს შეატყობინა, რომლებიც ნაკლულ ვეფხვს უკვე ეძებდნენ. მოგვიანებით, მკვდარი ვეფხვი მათ ხეობაში, მახეში გაბმული იპოვეს. ჩათვალეს, რომ ვეფხვი მოჭერილმა თოკებმა დაახრჩო.
რაც ყველაზე საშინელია, ვეფხვი მაკე აღმოჩნდა, ბოკვერებს ის უახლოეს ხანში ელოდებოდა.
ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია, მაგრამ სუმატრული ვეფხვების პოპულაცია ამჟამად დაახლოებით 400 ინდივიდს ითვლის და ეს რაოდენობა თანდათან მცირდება.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა სიის მიხედვით, ძირითადი საფრთხე ადამიანია. მიზეზებს შორისაა საცხოვრებელი ზონების სწრაფი დაკარგვა, რადგან ახალ ტერიტორიებს ადამიანები სოფლის მეურნეობისთვის ითვისებენ. გარდა ამისა, სახეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ვეფხვის სხვადასხვა ორგანოებით უკანონო ვაჭრობა და იმ პოპულაციათა კლება, რომლებზეც ეს არსებები საკვებად ნადირობენ.
გამომდინარე აქედან, ძვირფასია ყოველი ინდივიდი და ყოველი ბოკვერი. სამწუხაროდ, ჰაბიტატის დანაკარგი განაპირობებს უფრო ხშირ კონფლიქტებს ვეფხვებსა და ადამიანებს შორის და შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის მოსპობას ორივე მხარეს.
ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, ჰაბიტატის განადგურება ვეფხვებს საკვების საძიებლად დასახლებულ ზონებში შესვლას აიძულებს, სადაც ისინი ადამიანებთან შედიან კონფლიქტში. კლავენ ადამიანებსა და მათ საქონელს, საპასუხოდ კი, ადამიანები ვეფხვებს ხოცავენ.
ინდონეზიაში 1990 წელს მიღებული საკონსერვაციო აქტით, დაცული სახეობის ცხოველის მოკვლა ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით ან 6700 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით.