ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. დაშავდა 209 ადამიანი. გარდაცვლილთა უმეტესობა კუნძულ ლომბოკზე იმყოფებოდა, რომელიც სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს. ორი ადამიანი გარდაიცვალა კუნძულ ბალიზეც.
ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ქალაქში გათიშულია ელექტროენერგია. ლომბოკზე ყველაზე მეტად ქალაქი მატარამი დაზარალდა, სადაც უამრავი შენობა დაინგრა.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. გეოლოგების შეფასებით, სტიქიის სიმძლავრე 7 ბალს აღწევდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც, თუმცა რამდენიმე საათში გაფრთხილება გააუქმეს. ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში 130 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.