ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად ნანგრევებსა და მიწაში შესაძლოა, კიდევ ათასზე მეტი ადამიანის ცხედარია დარჩენილი
ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად ნანგრევებსა და მიწაში შესაძლოა, კიდევ ათასზე მეტი ადამიანის ცხედარია დარჩენილი. ამის შესახებ France Presse-ი კუნძულოვანი სახელმწიფოს სტიქიური უბედურების კონტროლის ეროვნული სააგენტოს ცნობაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენი შეფასებით, ამ მომენტისთვის მიწის ქვეშ ათასზე მეტი სახლია დარჩენილი. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ სახლებში დაახლოებით ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდეს. თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეგვიძლია, რადგან შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილმა სამშვიდობოს გასვლა მოახერხა”, – აცხადებს ინდონეზიის სტიქიური უბედურების კონტროლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი France Presse-თან მიცემულ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1558-ს მიაღწია. დაშავებულია 2,5 ათასზე მეტი პირი.
არქიპელაგში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა ძლიერი ცუნამი.
დაზარალებულების დასახმარებლად 11-მა ქვეყანამ არქიპელაგში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ვერტმფრენები გააგზავნა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია.