ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა
ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნა და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.
სუბიანტოს არ განუმარტავს, რა იგულისხმება „სადავო ტერიტორიებში“.
გარდა ამისა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთის კონტროლქვეშ არსებული რეგიონების მცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად ჩამოყალიბება“.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მშვიდობით, რომლის პირობაც უკრაინის ტერიტორიების დაკარგვა იქნება. ამ მიდგომას იზიარებენ აშშ-ში და ევროკავშირში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „მათ არ უნდათ სამყარო, რომელიც უკრაინას მეორე ბელარუსად აქცევს“.