ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
დასავლეთ ინდოეთში მუსონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ქვეყნის დასავლეთ შტატებში ეროვნული ჯარი, საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა და კატასტროფაზე რეაგირების ეროვნული ძალებია მობილიზებული, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.
ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში.
გარდა ამისა, სტიქიის გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერი ზაფხულის პერიოდში ხშირია ინდოეთის დასავლეთ შტატებში, თუმცა მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით წელს გაცილებით დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა. მეტეოროლოგების თქმით, უხვი ნალექი არაბეთის ზღვის დათბობის შედეგად არის გამოწვეული.