ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი მიმდინარეობს.
როგორც „როიტერი“ წერს, თუ არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა, მაშინ ნარენდრა მოდი გახდება ინდოეთის მეორე ლიდერი ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ, რომელიც ამ თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.
ინდოეთში არჩევნები ექვსი კვირა გრძელდება და ხმის მიცემის 7 რაუნდი იმართება. ბოლო რაუნდის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკუთარ არჩევანს ინდოეთის 7 შტატში მცხოვრები 100 მილიონზე მეტი ადამიანი დააფიქსირებს. საერთო ჯამში კი, ინდოეთში გამართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 970 მილიონ ადამიანს ჰქონდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
ინდოეთის ახალი მოწვევის პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში 8 300-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ამ ეტაპზე ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და მისი ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტია“. ნარენდრას მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური პარტიების ალიანსია, რომელსაც სათავეში უდგას „კონგრესის პარტია“, რაულ განდის ხელმძღვანელობით.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 4 ივნისს იგეგმება.