ინდოეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკოსებზე თავდასხმების დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, პირველი თავდასხმა ჩატისგარჰის პროვინციაში მოხდა. დაღუპულებს შორის არის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი სახალხო პარტიის წარმომადგენელი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, პარლამენტარ, ბეემა მანდავიზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრიდან ბრუნდებოდა. ავტომობილთან ამოქმედებული ბომბის შედეგად კანონმდებელთან ერთად მისი თანმხლები პირებიც დაიღუპნენ.
მეორე თავდასხმა ჯამუ და ქაშმირის პროვინციაში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები სამედიცინო ცენტრში შეიჭრნენ და ადგილობრივი პოლიტიკოსი ჩანდრაკანტ შარმა მოკლეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებდა. თავდასხმის დროს პოლიტიკოსის დაცვის წევრებიც დაიღუპნენ.