ინდოეთში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას ცხრა ადამიანი დაიღუპა. ტელეკომპანია NDTV-ის ინფორმაციით, ტამილნადის შტატში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.
დემონსტრანტები საპორტო ქალაქ ტუტიკორინის სპილენძის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საწარმო ქალაქს აბინძურებს, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლებისგან ქარხნის მუშაობის შეზღუდვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები ესროლეს, გადაატრიალეს მანქანები და ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, „პოლიციას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან პროტესტმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.