ინდოეთში ექიმის მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
ინდოეთში ექიმის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
მოსალოდნელია, რომ გაფიცვას ერთ მილიონზე მეტი ექიმი შეუერთდება, რაც ინდოეთში სამედიცინო მომსახურების პარალიზებას გამოიწვევს.
ეს ექიმების ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ინდოეთში.
სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში მიიღებენ, რომელთაც მომსახურებას სამედიცინო სასწავლებლების პედაგოგები გაუწევენ.
31 წლის სტაჟიორი ექიმი ქალი გასულ კვირას ქალაქ კოლკატას სამედიცინო კოლეჯში გააუპატიურეს და მოკლეს, რამაც მედიკოსების მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციის მონაწილეები დამნაშავეების მკაცრ დასჯას, ასევე მედიკოსებისა და, ზოგადად, ქალების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ.
ინდოეთის მთავრობა გაფიცულებს დაჰპირდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების დაცვის გაძლიერების ზომებს შეიმუშავებს.
2012 წელს დელიში ავტობუსში სტუდენტის ჯგუფური გაუპატიურების გახმაურებული საქმის შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებამ სექსუალური ძალადობისთვის სასჯელი გაამკაცრა, თუმცა უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ზომებს მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეუცვლია.