ინდოეთში, ჩამონგრეულ გვირაბში მყოფი ყველა მუშა 17-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს
ინდოეთში 17-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი ყველა მუშა თავისუფალია. მუშების გამოყვანის ინფორმაციას ადასტურებს უტარაკჰანდის შტატის მთავრობა.
გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ბლოკირებული 41 მუშა 90-სანტიმეტრიანი დიამეტრის მილის საშუალებით გამოიყვანეს, რომელიც ჩამოშლილ გვირაბში გაიყვანეს. ოპერაციას აფერხებდა მეტალის ღერძების გაჭრის საჭიროება, ასევე მყარი ქანები.
მუშების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გვირაბში ყოფნის დროს მათ ჟანგბადს, სასმელსა და საკვებს წვრილი მილის საშუალებით აწვდიდნენ.
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უტარაკჰანდის შტატში 4,5-კილომეტრის სიგრძის მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოიშალა. შემთხვევის დროს გვირაბში 60 ადამიანი იმყოფებოდა. გვირაბის გასასვლელთან მყოფმა მუშებმა თავის დაღწევა შეძლეს, გვირაბის სიღრმეში მყოფი პირები კი შიგნით ჩარჩნენ.
გვირაბის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ის 2022 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. განახლებული გეგმით, სამუშაოების დასრულება მომავალი წლის მაისისთვის იგეგმება.