ინდოეთში, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ასობით პირი დააკავეს
ინდოეთში, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ასობით პირი დააკავეს,- ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ახალი კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციები დედაქალაქ ნიუ-დელის ცალკეულ ადგილებში, ასევე უტარ-პრაშედის და კარნაკატას შტატების დიდ ქალაქებში აიკრძალა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქტივისტებმა მხარდამჭერების შესაკრებად სოციალური ქსელები გამოიყენეს.
ქვეყნის ხელისუფლებამ დემონსტრაციების აკრძალვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მანიფესტაციები აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.
არეულობის შემდეგ, ხელისუფლების განკარგულებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
მთავრობის განმარტებით, ამ ზომას მორიგი არეულობის თავიდან ასარიდებლად მიმართეს.
აკრძალვის ფარგლებში სამართალდამცველებმა დედაქალაქთან დამაკავშირებელ მაგისტრალებზე ბარიკადები აღმართეს და ნიუ-დელიში შესვლის თითოეულ მსურველს ამოწმებდნენ. დაიხურა მეტროს რამდენიმე სადგურიც.
ახალი კანონპროექტი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას მოიცავს. მათ შორის არიან ბუდისტები, ინდუისტები, ქრისტიანები, სიკჰები, თუმცა სიაში არ არიან მუსლიმები. მოქალაქეობის მიღების გამარტივება ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩასულ პირებს შეეხებათ.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციულია. თუმცა ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონპროექტში შესულ სამ ქვეყანაში მუსლიმების დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. ხელისუფლების განმარტებით, სწორედ ამიტომ არ შეიყვანეს სიაში მუსლიმები.