ინდოეთში 12 ნოემბერს გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩარჩენილი მუშების გამოყვანა დაიწყო
ინდოეთში 12 ნოემბერს გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩარჩენილი მუშების გამოყვანა დაიწყო

ინდოეთში 12 ნოემბერს გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჩარჩენილი მუშების გამოყვანა დაიწყო. როგორც „ბიბისი“ წერს, 41 მუშიდან რვა გვირაბიდან უკვე გამოიყვანეს.

ისინი 90-სანტიმეტრიანი დიამეტრის მილის საშუალებით გამოიყვანეს, რომელიც ჩამოშლილ გვირაბში გაიყვანეს. ოპერაციას აფერხებდა მეტალის ღერძების გაჭრის საჭიროება, ასევე მყარი ქანები.

გვირაბთან დილიდან შეკრებილი არიან მუშების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია საველე ჰოსპიტალი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მუშები დაშავებულები არ არიან. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჟანგბადს, სასმელსა და საკვებს წვრილი მილის საშუალებით აწვდიდნენ.

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უტარაკჰანდის შტატში 4,5-კილომეტრის სიგრძის მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოიშალა. შემთხვევის დროს გვირაბში 60 ადამიანი იმყოფებოდა. გვირაბის გასასვლელთან მყოფმა მუშებმა თავის დაღწევა შეძლეს, გვირაბის სიღრმეში მყოფი პირები კი შიგნით ჩარჩნენ. გვირაბის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ის 2022 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. განახლებული გეგმით, სამუშაოების დასრულება მომავალი წლის მაისისთვის იგეგმება.