ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა
ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია ბანგლადეშის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება და თავშესაფრებში გადასვლა მოუწიათ.
17 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ბანგლადეშთან მოსაზღვრე ინდოეთის შტატ ასამში.
ბანგლადეშის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გადაუღებელმა წვიმებმა, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონის თითქმის ყველა მდინარის დონის კრიტიკულ ზღვრამდე აწევა გამოიწვია, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიები დაიტბორა.
რეგიონებში ათასობით პოლიციელი და მაშველია მობილიზებული. პოლიციის ცნობით, დატბორილი ადგილებიდან 105 ათასზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, თუმცა 4 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ იმყოფება სტიქიის ზონაში.
ბანგლადეშსა და ინდოეთში ბოლო წლების განმავლობაში ამინდის მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება. გარემოს დამცველები თვლიან, რომ კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.