ინდოეთმა სომხეთში „აკაშის“ სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი ბატარეა გაგზავნა
ინდოეთმა სომხეთში „აკაშის“ სისტემის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პირველი ბატარეა გაგზავნა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის წარმოების მდივანი სანჯივ კუმარი აცხადებს, რომ „აკაშის“ სისტემის პირველი ბატარეა მეგობრულ ქვეყანაში გაიგზავნა.
ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „აკაშის“ სისტემა არის მიწა-ჰაერი რაკეტების კომპლექსი, რომელსაც შეუძლია, დაარტყას ისეთ სამიზნეებს, როგორებიცაა ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები, რაკეტები (ფრთოსანი, ჰაერი-მიწა), უპილოტო აპარატები და სხვა საჰაერო საშუალებები 25 კილომეტრის რადიუსში.
„აკაშის“ შეიარაღების სისტემას ახლავს ერთი Rajendra 3D პასიური ელექტრონულად დასკანირებული რადარი და ოთხი გამშვები, თითოეულში სამი რაკეტით, რომელთაგან ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
2022 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ინდოეთთან „აკაშის“ 15 სარაკეტო სისტემის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 710 მილიონი აშშ დოლარია.
სომხეთი პირველი უცხო ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული სარაკეტო სისტემა შეიძინა.