ინდოეთმა ორბიტაზე მოძრავი საკუთარი თანამგზავრი ჩამოაგდო - აზიური ქვეყნის კოსმოსური ამბიციები
ინდოეთმა ორბიტაზე მოძრავი საკუთარი თანამგზავრი ჩამოაგდო - აზიური ქვეყნის კოსმოსური ამბიციები

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა ანტითანამგზავრული სარაკეტო ტესტი, რამაც ინდოეთი „კოსმოსური ძალაუფლების“ ქვეყანათა ლიგაში შეიყვანა.

მოსახლეობისთვის მიმართვისას, მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა — დაბალ ორბიტაზე მოძრავი საკუთარი თანამგზავრი მიწისპირა კოსმოსური რაკეტით სულ რაღაც სამ წუთში ჩამოაგდო.

ანტითანამგზავრული რაკეტები ამ დრომდე სულ სამ სახელმწიფოს აქვს — აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს.

ინდოეთის მიერ ჩატარებულ ტესტს ადასტურებს აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური სარდლობაც.

ინდოეთის კოსმოსური პროგრამა ბოლო ათ წელიწადში არსებითად გაიზარდა. 2014 წელს ქვეყანამ თანამგზავრი გაიყვანა მარსის ორბიტაზე. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ მომდევნო სამ წელიწადში კოსმოსში პილოტირებულ მისიას გაუშვებენ.

პრემიერ-მინისტრ მოდის განცხადებით, ოპერაცია სახელად „მისია შაკტი“, რაც ჰინდიზე „ძალაუფლებას“ ნიშნავს, ქვეყნის ინტერესებს კოსმოსში დაიცავს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანა სულაც არ გეგმავს გარე კოსმოსური შეიარაღების რბოლაში შესვლას.

ინდოეთის მიერ გატესტილ ანტითანამგზავრულ იარაღს, რომელსაც ზოგადად ASAT-ს უწოდებენ, აქვს უნარი თავს დაესხას მტრის თანამგზავრს, ჩაახშოს მისი კომუნიკაციები ან ობიექტი მთლიანად გაანადგუროს. ტექნოლოგიას ასევე აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ტექნოლოგიური ბაზა თავდაცვითი ბალისტიკური რაკეტებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის განცხადებით ეს ტესტი ინდოეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა, მას სავარაუდოდ პროვოკაციულად აღიქვამენ პაკისტანი და ჩინეთი, რაც ალბათ გაზრდის კოსმოსურ მილიტარიზაციას.

ქაშმირის სადავო რეგიონის გამო ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობა ცოტა ხნის წინ კინაღამ ომში გადაიზარდა, როცა ორივე მხარე აქტიურად ჩაერთო საჰაერო ბრძოლებში. პაკისტანს ორბიტაზე რამდენიმე თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის არის დისტანციური ზონდირების თანამგზავრი, რომელიც მან 2018 წელს ჩინეთის დახმარებით გაუშვა.

ბოლო წლებში კოსმოსურ სამხედრო შესაძლებლობებს აქტიურად ზრდის ჩინეთიც.

პენტაგონის მიერ შარშან გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი ავითარებენ ისეთ სამხედრო შესაძლებლობებს, როგორებიცაა ლაზერული იარაღი თანამგზავრისა და მისი სენსორების დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლისთვის.

ჩინეთის კოსმოსურ შესაძლებლობათა ზრდა მოჰყავს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მიზეზად, თუ რატომ სჭირდება აშშ-ს თანამგზავრთა დაცვის ტექნოლოგიების შექმნა.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.