ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, საპასუხოდ აშშ სანქციებით იმუქრება
ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, საპასუხოდ კი აშშ სანქციებით იმუქრება. როგორც „ბიბისი“ წერს, საქმე ეხება ირანისა და პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩაბაჰარის პორტს. ამ პროექტს ინდოეთი ჯერ კიდევ 2016 წელს შეუერთდა, როდესაც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა.
13 მაისს ინდოეთმა და ირანმა აღნიშნული პორტის განვითარების შესახებ გრძელვადიანი გარიგება გააფორმეს. ინდოეთის მთავრობამ ამ შეთანხმებას „ირანისა და ინდოეთის ურთიერთობებში ისტორიული მომენტი“ უწოდა. ხელშეკრულების მიხედვით, ინდოეთი ჩაბაჰარის პორტს მომდევნო 10 წლის მანძილზე მართავს, მის განვითარებაში 120 მილიონ დოლარის ინვესტიციას დააბანდებს და დამატებით 250 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოყოფს.
ჩაბაჰარის პორტის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი, ვინც ირანთან თანამშრომლობს, პოტენციური სანქციების საფრთხის ქვეშ დგება“. ინდოეთის ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ინდოეთი ჩაბაჰარის პორტს 2018 წლის ბოლოდან მართავს. ამ პორტის საშუალებით ინდური საქონელი და პროდუქცია პაკისტანის გვერდის ავლით ჩააქვთ ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში. ამ დრომდე ინდოეთიდან ავღანეთში ჩაიტანეს 2,5 მილიონი ტონა ხორბალი და 2000 ტონა პარკოსნები. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ჩაბაჰარის პორტი პაკისტანში მდებარე, ჩინეთის მფლობელობაში არსებული გვადარის პორტის კონკურენტად განიხილება.
ცნობისთვის, როგორც ინდოეთის პორტებისა და საზღვაო გზების მინისტრმა, სარბანანდა სონოვალიმ განაცხადა, ჩაბჰარის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია „ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო დერეფნისთვის“, რომელმაც ინდოეთს ირანის გავლით რუსეთთან აკავშირებს. ამ დერეფნის პროექტში ამჟამად 13 ქვეყანაა ჩართული. ესენია: ინდოეთი, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ომანი და სირია. დამკვირვებლის სტატუსით პროექტში 2023 წელს ჩაერთო ბულგარეთი.