ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ვინახავდით, როგორც საკუთარს, ამაყი ვარ, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ვინახავდით, როგორც საკუთარს, ამაყი ვარ, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია როგორც საქართველოსთვის, ისე ინდოეთისთვის.
„ჩემო ქართველო ძმებო და დებო, დღეს არის განსაკუთრებული დღე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ინდოეთისთვისაც. მე მაქვს დიდი პატივი, გადმოგცეთ წმინდა მოწამე ქეთევანის ნაწილი. მე ვთვლი ჩემს თავს დალოცვილად, რომ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ასეთი კურთხეული აღმოჩნდა. წმინდა ნაწილები დასვენებული იყო წმინდა ავგუსტინეს ეკლესიაში, გოაში მე-17 საუკუნის შემდეგ. იმ უდიდესი სულიერი ღირებულების გათვალისწინებით, რომელსაც წმინდა ნაწილები ფლობდნენ საქართველოს ხალხისთვის, ჩვენ ვინახავდით ამ წმინდა მემკვიდრეობას, როგორც საკუთარს. საპასუხოდ, ეს არის გამოხატულება თბილი და მეგობრული ურთიერთობისა.
ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით გოას, ძალიან კარგ ადამიანებს, რომლებიც ასეთი მოწიწებით ინახავდნენ ამ წმინდა სხეულის ნაწილებს და ამ წმინდა საგანძურს. ჩვენ ვართ ამაყი, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას. წმინდა ქეთევანის მოწამეობა არის ისტორია გამბედაობისა და მსხვერპლშეწირვის. მისი ნაწილები ინდოეთში დაასვენა ორმა ავგუსტინელმა ბერმა, ვინც მოწმე იყო მისი უკანასკნელი ცხოვრების.
წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილების არსებობა ინდოეთსა და საქართველოში არის ხიდი რწმენისა ჩვენ ერებს შორის. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენი ორივე ქვეყნის შვილები გაივლიან ამ ხიდს, ხიდს სულიერებისა, მშვიდობისა, მეგობრობისა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მეუფე შიოს იმისთვის, რომ საშუალება მომცა, მონაწილეობა მიმეღო ამ წმინდა მოვლენაში“, – განაცხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.