ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. მანამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შესახებ ინდური პრესა წერდა.
ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში მოდი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდის ვიზიტი რუსეთში „უზარმაზარ იმედგაცრუებად და სამშვიდობო პროცესისთვის დარტყმად“ შეაფასა.
მოდისა და პუტინის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინდოეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც მოტყუებით აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე და რუსეთის არმიის შემადგენლობაში ფრონტზე აღმოჩნდნენ. ვიზიტის შედეგების მიხედვით, ინდური პრესა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოდიმ და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს ინდოეთის მოქალაქეების კონტრაქტების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პირველად ეწვევა უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.