ინდოეთის პრემიერ-მინისტრი - მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია ინდოეთის ლიდერის განცხადებაში, რომელიც მან პოლონეთში გამგზავრებამდე გაავრცელა.
მოდის პოლონეთში ვიზიტის შემდეგ 23 აგვისტოს დაგეგმილია მისი კიევში ვიზიტი. ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.
„მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები. როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენ ვიმედოვნებთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია მოდის განცხადებაში.
უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა. ამას კი აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა. მოდის ვიზიტი მოსკოვში რუსეთის ძალების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას დაემთხვა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა დაგმო.