ინდოეთის პრემიერ-მინისტრი - ინდოეთში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა შემოწმების ეტაპზეა და მეცნიერების ნებართვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება
ინდოეთში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა შემოწმების სხვადასხვა ეტაპზეა და მეცნიერების ნებართვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინის მასობრივ წარმოებასთან ერთად, ასევე, მზადაა თითოეული მოქალაქისთვის უმოკლეს დროში ვაქცინის განაწილების საგზაო რუკაც.
გამოცემა „თაიმს ოფ ინდია“ წერს, რომ ინდოეთში შექმნილი ვაქცინა, „კოვაქსინი“, კლინიკური ცდის პირველი ფაზის შემდეგ, უსაფრთხოდ იქნა აღიარებული. მეორე ფაზა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული ციფრული ჯანდაცვის მისიის“ დაწყების შესახებ განცხადა. პროგრამის ფარგლებში, ყველა მოქალაქეს სპეციალური ბარათი დაურიგდება, სადაც შეტანილი იქნება ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაავადებაზე, მედიკამენტებსა და სხვა დეტალებზე.