ინდოეთის ოკეანის ფსკერზე უძველეს ზვიგენთა „სასაფლაო“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ინდოეთის ოკეანეში, ქოქოსის კუნძულების სიახლოვეს, სიღრმეში აღმოჩენილი უცნაური ქმნილებების შემდეგ, ავსტრალიის მეცნიერების ეროვნულმა სააგენტო CSIRO-მ წყლიანი უფსკრულის სიღრმეში კიდევ რაღაც საკმაოდ უცნაური იპოვა: ზვიგენების სასაფლაო, რომელიც სავსეა მილიონობით წლის წინანდელი, განმარხებული კბილებით.
თავდაპირველად მეცნიერებმა იფიქრეს, რომ მათ ამოიღეს ბადე, რომელიც სავსე იყო დანალექი მანგანუმის ნატეხებით. თუმცა, ახლოდან დაკვირვების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.
„საოცრების მომსწრე გავხდით. ყველა მათგანი ნამარხი არ იყო, ზოგიერთი შედარებით ახალ მაკო ზვიგენს და დიდი თეთრი ზვიგენის ნათესავებს ეკუთვნოდა“, — ამბობს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის მუზეუმების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი დაიან ბრეი.
სართო ჯამში, 5,4 კილომეტრის სიღრმიდან, წყლიდან სხვადასხვა სახეობის მტაცებლის 750 მინერალიზებული კბილი ამოიღეს.
ერთ-ერთი მკვლევარი, გლენ მური ამბობს, რომ აღმოჩენა მოიცავს თანამედროვე და უძველეს ზვიგენთა ნაწილების საინტერესო ნაზავს, მათ შორის მეგალოდონის უშუალო წინაპრისასაც.
„ეს ზვიგენი მეგალოდონად ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა დროის უდიდესი ზვიგენი იყო, მაგრამ 3,5 მილიონი წლის წინ გადაშენდა“, — ამბობს მური.
ზვიგენი მეგალოდონი იმხელა იყო, რომ შეეძლო, მთლიანად გადაეყლაპა ამჟამინდელი ყველაზე დიდი ზვიგენი (თეთრი ზვიგენი).
ზვიგენებს უფრო ხრტილოვანი ჩონჩხი აქვთ, ვიდრე ძვლის. ამიტომ, მათი ნარჩენების უმეტესობა განმარხებამდე იხრწნება, გარდა მათი კბილებისა და გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ეს ნარჩენები ერთადერთი გასაღებია, რომელიც დედამიწაზე 450 მილიონ-წლიანი ისტორიის მქონე ამ ცხოველთა წარსულის შესასწავლად გვაქვს.
სწორედ ამიტომ არის უცნაური, რატომ შეგროვდა ერთ ადგილას ასე ძველი ამდენი ზვიგენის ნარჩენ ერთად.
„რაიმე ცალსახა ახსნა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ალბათ ეს ოკეანის ფსკერის დაბალი ადგილია, სადაც ძვლები თანდათანობით ჩაედინებოდა“, — ამბობს მური.
მტაცებლების ეს სასაფლაო ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან 2500 კილომეტრის მანძილზე, ორი ახალი საზღვაო პარკის კვლევისას აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ, CSIRO-ს კვლევითი გემით კიდევ ერთი ექსპედიცია მოაწყვეს, ამჯერად გასკოინის საზღვაო პარკში, დასავლეთ ავსტრალიის გასწვრივ. იქ ზვიგენის ახალი სახეობაც აღმოაჩინეს.
„მოგზაურობის დასაწყისში შევაგროვეთ საოცრად პატარა, ზოლებიანი რქიანი ზვიგენი. ეს სახეობა მხოლოდ ავსტრალიაშია, მაგრამ ის ჯერ აღწერილი არ არის და არც სახელი აქვს დარქმეული. ჩვენ მიერ დაჭერილი ეგზემპლარი მეცნიერებისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მას ამ სახეობის აღწერისთვის გამოვიყენებთ“, — ამბობს CSIRO-ს იქთიოლოგი ვილ ვაიტი.
რქიანი ზვიგენები დღისით ზღვის ფსკერზე, ქვებსა და ზღვის ბალახებში იმალებიან და საკვებად მხოლოდ ღამით გამოდიან. დებენ ბოთლის საცობის ფორმის კვერცხებს.
მკვლევართა განცხადებით, ბოლო გასვლებში შეგროვებულ სახეობათა დაახლოებით მესამედი შეიძლება მეცნიერებისთვის ახალი იყოს.
მომზადებულია abc.net.au-ს და ScienceAlert-ის მიხედვით.