ინდოეთის კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია
ინდოეთის კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატში წყალდიდობა ერთი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა, ძლიერი წვიმის გამო გადავსებული 35 კაშხლიდან წყალი მდინარეებში გაეშვა.
სტიქიის გამო, ათი ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. წყალდიდობამ ასობით შენობა დააზიანა და გაანადგურა ნათესები.
კერალას შტატი, რომელიც განსაკუთრეული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ცნობილია ადგილობრივი სუნელებისა და ყავის წარმოებით.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, წვიმა შტატში 18 აგვისტომდე გაგრძელდება. განგაშის უმაღლესი – წითელი დონე გამოცხადდა შტატის 14 რაიონიდან 12-ში. ამასთან, დაიხურა კოჩის საერთაშორისო აეროპორტი.
ხელისუფლების მონაცემებით, 2018 წლის მაისის შემდეგ კერალას შტატში სეზონური წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1924 წლის შემდეგ ეს შტატში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.