ინდოეთის 45 მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში მოტყუებით აღმოჩნდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს
ინდოეთის 45 მოქალაქე რუსეთის არმიიდან გაათავისუფლეს და ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში კვლავ რჩება ინდოეთის 50 მოქალაქე, რომელთა გადარჩენასა და სამშობლოში დაბრუნებას საგარეო უწყება ცდილობს.
ცნობისთვის, გაზაფხულზე ინდოეთის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომლის ფარგლებშიც თაღლითები ინდოეთის მოქალაქეებს, სამუშაოს ნაცვლად, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით აგზავნიდნენ.
ინდური მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს, სულ მცირე, ოთხი ინდოელი მოქალაქე დაიღუპა.