იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მონაწილეობს და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.
მოქალაქის ბინაზე აცრის პროცესს დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.
პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
მარათონში მონაწილეობენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.