იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში იმყოფებოდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში, კერძოდ, გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა.

იმერეთის მხარის გუბერნატორი შეხვდა გუიჯოუს პროვინციის გუბერნატორს, ლი პინგძიუნის, მის მოადგილეს, ცაი ჩაოლინის, პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს, თაო ფინგშენგის და სხვა წარმომადგენლებს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებას. ამასთან, მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს საერთო კეთილდღეობას.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ნათელი მაგალითია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა, სადაც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველო აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას. ჩვენ მზად ვართ მრავალი მიმართულებით სათანამშრომლოდ.

რაც შეეხება ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთში, ეს კონკრეტულად იმერეთისთვის არის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა რეგიონის განვითარებისთვის. მიმაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი იქნება კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გუბერნატორი ალკოჰოლური სასმელების მე-12 გამოფენას დაესწრო, რომელიც თავისი მასშტაბით ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და მზარდია. გამოფენაზე იმერული ღვინის ასოციაციამ წარმოადგინა იმერული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ასევე, გუბერნატორი ესტუმრა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ავტობანის მშენებლობას ახორციელებს. ქართული დელეგაცია იმყოფებოდა გუიანგის სამედიცინო უნივერსიტეტშიც, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.