იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

ცნობისთვის, ლევან ზალკალიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე შეცვლის ზვიად შალამბერიძეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.