იმერეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული აქტივობები განიხილეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა.
იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრაში მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, კლინიკა „ევექსისა“ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელები, ძალოვანი უწყებების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები განიხილეს.
როგორც აღინიშნა, უკვე მობილიზებულია მოხალისეთა ჯგუფები, რომელიც საჭიროების მქონე მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ. ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მკაცრად გაკონტროლდება დაწესებული შეზღუდვები.
სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც აღნიშნა, ასეთი ვითარების დროს სწორედ კოორდინირებულ მუშაობას და სწორად დაგეგმილ ნაბიჯებს აქვს დიდი მნიშვნელობა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების მონაწილეობით მსგავსი ტიპის შეხვედრები დღესვე 12-ივე მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებაზე, პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს.