იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. დღეიდან, თერჯოლისა და წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული შენობები პირადად დაათვალიერა.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა.
რაც შეეხება წყალტუბოს, პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა“,- აღნიშნულია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.