იმერეთის რეგიონში მეორე დღეა, „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიამ 187 ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
სპეციალისტებმა იმერეთსა და რაჭაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან მიწოდებული ბიოლოგიური ნიმუშები გამოიკვლიეს, მათ შორის 18 მედპერსონალის იყო. გამოკვლეულ ბიოლოგიურ ნიმუშებს შორის წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტები იყო.
გიორგიძის ინფორმაციით, დღეიდან საკარანტინო ზონების პერსონალსაც გამოიკვლევენ. ასევე, ორი დღით ადრე ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ პირს, ვინც კარანტინს დატოვებს. იმერეთის რეგიონში საკარანტინო ზონებში 499 ადამიანია მოთავსებული.