იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა, 7 კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა “ამონალი” და “ტროტილის” 6 შეკვრა.
„გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.