ბოლო 24 საათის მანძილზე იმერეთის რეგიონში საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო თვითიზოლაციაზე კონტროლი მოეხსნა 64 პირს. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ ოთხ საკარანტინო სივრცეში 448 მოქალაქეა მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 339 პირი რჩება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ავრცელებს.
გოჩა გიორგიძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული კლინიკებიდან მიღებული 17 ანალიზი გამოიკვლია და მათგან სამ შემთხვევაში დადასტურდა „კოვიდ-19“. აქედან ერთი შემთხვევა სამეგრელოს, ხოლო ორი იმერეთის სამედიცინო დაწესებულებებს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ქუთაისის ლაბორატორიამ 220 ანალიზი გამოიკვლია.