იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლაში მცხოვრებ ცხრა სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის გასაღები გადასცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხრა სოციალურად დაუცველი ოჯახს სახლის გასაღები გადასცეს და, ახალმოსახლეობასთან ერთად, დამდეგი 2023 წელი მიულოცეს.
,,მეოთხე წელია, თერჯოლაში მიმდინარეობს „სახლდაზიანების“ პროგრამა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით აგვეშენებინა 19 სახლი და, ჯამში, 19-მა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზიაროს სხვა მუნიციპალიტეტებმა. ჩვენ მომავალ წელს კიდევ 9 სახლის მშენებლობას ვგეგმავთ. აღნიშნული პროგრამა, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მოქმედი ,,სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ცხრა ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.
მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივ ბიუჯეტში ,,სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სულ 19 სახლი არის აშენებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომავალ წელსაც დაფინანსდება.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს შესაბამისი კომისია შეისწავლის და გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შედეგად იღებს.
ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.