ილონ მასკმა ტვინში იმპლანტირებული ჩიპების მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა [ვიდეო]
ამერიკელმა მილიარდერმა, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტვინში იმპლანტირებული ჩიპების მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა.
საუბარია მასკის კუთვნილი კომპანია „ნეურალინკის“ მიერ შექმნილ ჩიპზე, რომლის ღორის ტვინში იმპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა.
როგორც მასკმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, უკანასკნელი წლის განმავლობაში კომპანიამ ჩიპის მოდიფიცირება შეძლო.
„ახალი ჩიპი ზომით მონეტას არ აღემატება. ის თავის ქალაში, ძვალთან იქნება შერწყმული და გარედან მისი დანახვა შეუძლებელი იქნება. ჩიპი მთელ დღეს დატენვის გარეშე იმუშავებს“, – განაცხადა მასკმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, კომპანიამ გააუმჯობესა რობოტები, რომლებსაც ჩიპების ტვინში იმპლანტაცია ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლიათ.
როგორც მასკი ამტკიცებს, ეს ჩიპები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ ტვინის აქტივობას, ხოლო მომავალში დაეხმარება ექიმებს ისეთი დაავადებების დაძლევაში, როგორიცაა ეპილეფსია, დამბლა და სხვა ავადმყოფობები, რომელთაც თავის და ზურგის დაზიანება იწვევს.
მასკის თქმით, პირველ ეტაპზე კომპანია „ნეურალინკის“ სპეციალისტები შეეცდებიან, დაეხმარონ პარალიზებულ ადამიანებს, რათა მათ გადაადგილება და გარშემომყოფებთან კონტაქტი დამოუკიდებლად შეძლონ.