ილონ მასკმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციაში გარკვეული როლი შეასრულოს
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ილონ მასკმა ტრამპს შესთავაზა, შეასრულოს გარკვეული როლი მის ადმინისტრაციაში.
„ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ გვქონდეს სამთავრობო ეფექტურობის კომისია, რომელიც გადახედავს ამ საკითხებს და უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული, გადასახადის გადამხდელთა ძალიან ძნელად გამომუშავებული ფული სწორად დაიხარჯოს. სიამოვნებით დავეხმარები ასეთ კომისიას მუშაობაში“, – განაცხადა მასკმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოეწონებოდა ეს იდეა, თუ ამაში ილონ მასკი ჩაერთვებოდა.
დონალდ ტრამპის ინტერვიუ ილონ მასკთან, რომელიც სოციალურ ქსელ „X“-ზე მიმდინარეობდა, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, მასკის თქმით, სოციალურ ქსელზე აქტიურად მიმდინარეობდა კიბერთავდასხმა.
მასკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრამპს უჭერს მხარს, არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეაქცია თავდასხმაზე. მისი თქმით, ტრამპის მიერ შეკრული მუშტი, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ, „წარმოუდგენლად შთამაგონებელი იყო“.